ქართული სამზარეულო საყოველთაოდაა აღიარებული და დიდი ხანია გაცდა ნაციონალურ ჩარჩოებს. ფართოდაა გავრცელებული ჩახოხბილი, ტაბაკა, ხარჩო, ხაჭაპური, ხინკალი და სხვა. ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებით. მათ შორის აღსანიშნავია: სულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ - გადაზელილი (რძეში მოხარშული) ყველი პიტნით, ხაჭაპური- პურის ცომში გამომცხვარი ყველი, მჭადის ფქვილში (ჭიშდვარი) ან ფეტვის ფქვილში (ჭკუტ) შეზელილი ყველის კვერი, კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული წვრილად დაკეპილი ხორცი, შამ - სიმინდისბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით, თაშმიჯაბ - ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურე, ჭადი - სიმინდის კვერი და სხვა. მეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალი,ჭინჭარი, ნაცარქათამა და სხვა) ღვეზელები, რომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს(ლუცფექ) და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაც იყენებენ. გადმოცემის თანახმად, ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არ გახდება.
კუბდარი – საფუვრიანი ცომითა და ხორცით მომზადებული ღვეზელი, რომელსაც სვანები ყოველ დღესასწაულსა და ღირსშესანიშნავ დღეს ამზადებენ. კუბდარს სარიტუალო დატვირთვაც გააჩნია. ერთი შეხედვით მარტივი კერძი არცთუ ადვილი მოსამზადებელია და გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. იზილება უბრალო პურის ცომი. გულსართი კი შემდეგნაირად მზადდება – ძალიან წვრილად დაჭრილი ცხიმიანი ხორცი ხახვთან და სანელებლებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ხელით იზილება, სანამ ცომში მოათავსებენ. ამგვარად ხორცი რბილდება და სანელებლები კარგად უჯდება. გამოიყენებენ საქონლისა და ღორის ხორცს, ხან ნარევი ხორცისგანაც ამზადებენ. ღორის ხორცის კუბდარი უფრო ცხიმიანი, მაგრამ ნაზია, საქონლისა – მაგარი. როგორც წესი, ამ კერძისთვის ასაკოვანი საქონლის ხორცი არ გამოიყენება. კუბდარის მთავარი საიდუმლო სანელებლებია. გულსართს უმატებენ ბლომად ნიორს, ხახვს, უცხო სუნელს, ხმელ ქინძს, წიწაკას, მარილს და გიცრულს, რომელიც მთაში მოიპოვება. ბარში მას ძირათი ცვლიან, თუმცა გიცრულს მაინც განსხვავებული არომატი აქვს.
სვანური მარილი
თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, რომელიც წარმოადგენს სუფრის მარილის, წიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევს. სვანური მარილითდამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებით. სვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ.
No comments:
Post a Comment